* Masalın Türkçesine buradan ulaşabilirsiniz.
სიზმარა
ერთი ყმაწვილი იყო და დედინაცვალი ჰყავდა. ერთხელ დედინაცვალმა პური დაფინა გასაშრობად და გერი გვერდით მიუსვა. ყმაწვილს დაეზინა. პურს ქათმები მიესიენ და კენკვა დაუწყეს. დედინაცვალი გაცავრდა, გერს ცემა. -რა ეშმაკმა დაგაძინა, პური შეჭამეს ქათმებმაო! -დედი, დედი! მაცალე რა გითხრაო! -რაო? -ჰკითხა დედინაცვალმა. -ძილმა წამიღო, ბურანმა: ცალი ფეხი ბაღდადს მედგა, ცალი ბაღდადის ბოლოსა; აქეთ მზე მეჯდა, იქით მთვარე, შუკურ- ვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.
დედისნაცვალს სიზმარი მოეწონა, სტაცა ხელი და უთხრა:მომეცი ჩქარა ეგ სიზმარი! - ეს ხო სიზმარი იყო, აბა, რა მოგცეო? დედისნაცვალმა სცემა და გააგდო ეს სიზმარა. წავიდა, იარა, ხელმწიფის კარს მივიდა. - რას დადიხარ, ბიჭო, რას ეძებ? -ჰკითხა ხელმწიფემ. -ასე და ასე ჩემი საქმე, დედინაცვალმა მცემა და გამაგდოო, - მოახსენა ყმაწვილმა და სიზმარი უამბო ხელმწიფეს.
ხელმწიფესაც მოეწონა ეს სიზმარი და უბრძანა: მომეცი ეგ სიზმარიო! - აბა, რა მოგართვა, სიზმარი იყოო! აიღო ხელმწიფემ და ეს ყმაწვილი ხაროში ჩააგდო,
ამ ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალს ყმაწვილი შეეცოდა: სადილის შემდეგ აიღებდა ხოლმე საჭმელს,სიზმარას ჰუმად მიუტანდა და ხაროში ჩაუყრიდა,
ეს ხელმწიფე დასავლეთის ხელმწიფე იყო, ამ მზეთუნახავ ქალს აღმოსავლეთის ხელმწიფე სთხოვდა , მაგრამ მამა არ აძლევდა.
ერტხელ აღმოსავლეთის ხელმწიფემ მზეთუნახავის მამას ოთხი ჭაკი ცხენი გამოუგზავნა და შემოუთვალა: გამოიცან, რომელია ცხენებში დედა, რომელი უფროსი კვიცი, რომელი საშუალო და რომელი უმცროსი.
თუ გამოიცნობ, ხომ კარგი, თუ არადა შენი კალი ჩემიაო.
ხელმწიფე და მისი ქალი დაღონდნენ, რადგან ეს გამოცენა ვერ გამოიცნეს. წავიდა ქალი სიზმარასთან და უთხრა: რა გეშველება , შე საწყალო სიზმარავ! მე ხომ აღმოსავლეთის ხელმწიფეს მივყვევარ, შენ აქ მშიერი მოკვდებიო და უამბო გამოგზავნილი ცხენების ამბავი. - ნუ
გეშინიათ, - უთხრა სიზმარამ, - დაუდეთ ცხენებს მარილი და ბლომად აჭამეთ; მერე თავლაში შერეკეთ და კარი დაუკეტეთ. მეორე დღეს, კარებ რომ გააღებთ, დაუკვირდით; პირველად წყლის დასალევად გამოვა დედა, იმას გამოჰყვება სულ პატარა კვიცი, პატარა კვიცს მოჰყვება იმაზე უფროსი და სულ ბოლოს გამოვა დიდი კვიცი. კალი წავიდა და ყველაფერი მამას უამბო. მართლაც ასე მოხდა. ეს გამოცენა რომ გამოიცნო, აღმოსავლეთის ხელმწიფემ ახლა მარილის ქვა გამოუგზავნა და შემოუთვალა: ამ მარილის ქვას თუ კოფად დაჰხევ, დაგეხსნები, თუ არა და შენი ქალი ჩემიაო.
ქალი ისევ სიზმარასთან წავიდა და ეს გამოცენაც უამბო. - ნუ გეშინია. - უთხრა სიზმარამ, - მამაშენმა ეს მარილის ქვა უკანვე გაგზავნოს და შეუთვალოს: პირი ართვას ამ მარილის ქვას - როგორ უნდა დახევა მსხვილად თუ წვრილად, რომ მეც იმის მიხედვით დავხიო-თქო.
ესეც რომ მიუგო, მაშინ აღმოსავლეთის ხელმწიფემ შვილდს მოზიდა, ისარი იმ ხელმწიფის სახლის წინ ჩაერჭო და ადგილიდან ვერავინ ვერ გასძრა.
ქალი ისევ სიზმარასთან მივიდა და ყველამფერი უამბო. - ნუ გეშინია, -უთხრა სიზმარამ, - ამაღამ მე ამოვალ და ამოვიღებო.
მართლაც, იმ ღამეს სიზმარა ამოვიდა, მიანძრ-მოანძრია ისარი, ამოიღო და იწვე დააგდო, თვითონ კი ისევ ხაროში ჩაჯდა.
მეორე დილას გამოვიდა და ხელმწიფე გაკვირდა: ვინ ამოიღო, ვინა, ჩემი ქალი იმას უნდა მივცეო.
ყველა იძახის: მე, მეო, მაგრამ ხელმწიფე რომ ეტყოდა: აბა , შენ ამოიღე, ახლაც დასძარ ადგილიდანო, ისარი ვერავინ ვერ დასძრა. მაშინ ქალმა უთხრა: მამავ, იქნება ის სიზმარა ცოცხალი იყოს და იმან ამოიღოს?
გაგზავნეს ვეზირები, ნახეს: სიზმარა დევს დამსგავსებია. მოიყვანეს, აიღო ხელში ისარი, გაჰკრა და აღმოსავლეთის ხელმწიფის სახლში ჩაერჭო.
მეფეს გაეხარა და თავისი ქალი სიზმარას მიათხოვა. ორი-სამი კვირა ქალი და ვაჟი ერთად იყვნენ, შემდეგ სიზმარა ადგა და იმ ხელწიფის საომრად გაემართა.
კარგი გზა რომ გაიარა, ერთი კაცი დაინახა, ეს კაცი თან ხნავს და თან მოხნულ ბელტებს
ყლაპავს. - კაცო, კაცო, ძალიან ძნელ საქმეს არ ჩადიხარ, რომ მაგდენა ბელტებსა ჰყლაპავ? -ჰკითხა სიზმარამ. - ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჰქნა: ჩვენი ხელმწიფის ქალი შეირთო და მეორე ხელმწიფეს ეომება - მე ვარ სიზმარა. მოდი დავძმობილდეთო .
წავიდნენ. ერთ ალაგას შენიშნეს, ერთი კაცი ზღვას დაყუდებია და სრუტავს. - ძალიან საკმე არ არის, მაგოდენა ზღვას სრუტავ, - უთხრა სიზმარამ. ეჰ, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს კი ეომება. - მე ვარ სიზმარა . მოდი ჩემთან, შენც ჩვენი ძმა იყავიო.
წავიდნენ სამნი. ნახეს - ერთ კაცს ფეხებზე წისქვილის ქვები წემოეცვა და კურდღლებს იჭერდა. ყველას გაუკვირდა და უთხრეს: კაცო, რა ძნელ საქმეს ჩადიხარ? - ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის , სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება. -სიზმარაც მე ვარ. წამოდი ჩემთანო.
წავიდნენ ოთხნი ერთად. ნახეს: ერთ კაცს ყური მიწაზე დაუდვია და რაღაცას ლაპარაკობს.-კაცო, რას შვრებიო?-ჰკითხეს.-ქვესკნელს ჭიანჭველები იბრძვიან და მე აქედან ვაშველებ და სამართალს ვაძლევ.- ძალიან ძნელი საქმე
უნდა იყოს ესა.-უტხრა სიზმარამ.-ეჰ, ძნელი საქმე ის არი, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო , მეორეს ეომებაო.-მე ვარ სიზმარა, წამოდი ჩვენთანაო.
წავიდნენ ხუთნი ერთად. ნახეს ერთი კაცი ზევით შეჰყურებს.-რას შეჰყურებო?-ჰკითხეს.-სამი დღეა რაც ისარი ცისაკენ ვტყორცნე და აგერ ახლა დაბრუნდა ქვევით,- უთხრა უცნობმა.-ოჰ, ძალიან ძნელი საქმე გიქნიათ,- უთხრა სიზმარამ. -ეჰ, რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერტი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება.-მე ვარ სიზმარა. შენც ჩვენთან წამოდიო.
წავიდნენ ექვსნი. ნახეს ერთი კაცი მტრედებს მიპარვია, ფრთებს აძრობს და ერთის ფრთას მეორეს უკეთებს, მეორისას -მესამეს, მესამისას მეოთხეს და მტრედები კი ვერას იგებენ,- უჰ, ძალიან ძნელი საქმე არ არის, მტრედები ვერ გებულობენ ფრთებს ისე უცვლი.- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო და მეორეს ეომება.- მე ვარ სიზმარა. აბა, შენც ცვენი ძმა იყავიო.
წავიდნენ შვიდნი. ნახეს ერთ ღვდელს ეკლესია აეკიდია და სადაც უნდოდა იწ დასდგომდა და სწირავდა.
-ოჰ, მღვდელო, მღვდელო, სწორედ ძალიან დიდი საქმეა, მაგოდენა ეკლესიას რომ დაარბენინებ. - ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომებაო. -მე ვარ სიზმარა. აბა, შენც ჩვენი ძმა იყავიო. - უთხრა სიზმარამ.
წავიდნენ რვანი. მივიდნენ აღმოსავლეთის ხელმწიფეთან და ქალი სთხოვეს. ამ ხელმწიფემ უთხრა: ჯერ გამოგცდით, რა კაცები ხართ და მერე ქალს მოგცემთო. სამ დღეს ჩემს ხაბაზებს პურს ვაცხობინებ და თუ ერთ დღეს შესჭამთ, ხომ მოგცემთ ქალს, თუ არა და თავებს დაგაყრევინებთ.
- არიქა, - უთხრეს ბელტიყლაპიას, =-კაცო, თუ იმოდენა ბელტებსა ჰყლაპავდი, ამ გამტკიცულ პურს როგორ ვერ შეჰჭამო?
- თქვენ არხეინად იყავით, ისე შევჭამ, რომ ერთი ნამცეცვიც არ დარჩეს,- თქვა ბელტიყლაპიამ. მრავალის უმრავლესი პური გამოაცხვეს, მაგრამ ბელტიყლაპიას ერთი ნატეხიც არ დარჩენია.
- კარგიო, - უთხრა ხელმწიფემ, - ახლა კიდევ ღვინოს დაგალევინებთ. თუ ჩემს ექვსსურმიან ქვევრს ერთ დასხდომაზე დასცლით, ხომ მოგცემთ ქალს, თუ არა და თავებს დაგაყრევინებთო. - აბა, ძმაო, ზღვახვრეპიავ, თუ კი იმ მლაშე წყალსა ხვრეპავდი, ამ ღვინოს განა ვერ დალევ?
- თქვენ მიმიყვანეთ და ვიციო.
ზღვახვრეპია ქვევრთან მიიყვანეს, დახედა ქვევრს, გაიცინა და თქვა: აბა, ძმაო, ხრუპი ვქნა, ხრაპი არ არის და სრუპა ვქნა , სრაპი არ არისო.
დაეწაფა ქვევრს და სულ ამოსრუტა.
- კარგიო, თქვა ხელმწიფემ, - ახლა მოდით და სამი დღის სავალიდან წყალი მოვატანინოთ; თქვენ თქვენი კაცი გაგზავნეთ, მე ჩემ კაცს გავგზავნი. თუ ჩემმა კაცმა მოასწრო, არც ქალს მოგცემთ და თავებსაც დაგჭრით. თუ თქვენმა კაცმა მოასწრო, მაშინ ჩემი ქალი წაიყვანეთ.
ახლა კურდღელს რომ იჭერდა, ‘მას უთხრეს: კაცო, ფეხებზე წისქვილის ქვებ წამოცმული კურდღელს იჭერდი, წყალს მალე როგორ ვერ მოიტან? - ოღონდ გამგზავნეთ და მე ვიციო.
წავიდნენ ისა და ხელმწიფის კაცი. ერთი დღე ირბინეს. ჩამორჩა უკან ხელმწიფის კაცი, ქვებიანი კი მირბის და მირბის. ხელმწიფის კაცმა ხერხი მოიგონა. დაიძახა და უთხრა: კაცო, მოიცა, ნელა წავიდეთ, თავს რისთვის ვიხოცავთ, ცოტა შევისვენოთ და ისე ვიაროთო!
ამანაც დაუჯერა. დასხდნენ, პური სჭამეს, ღვინო დალიეს. პურის ჭამის დროს ხელმწიფის კაცმა ქვებიანს ღვინის მაგივრად ბანგი შიაპარა.
დაწვა ქვებიანი და დაიძინა. ხელმწიფის კაცი კი წავიდა ორი დღის სავალი გზა გაიარა, მივიდა წყალთან, ავსო ჭურჭელი და გამოიარა კიდეც ერთი დღის სავალი გზა. ქვებიანს კი ისევ სძინავს.
სიზმარარამ მეისრეს უთხრა: აბა, ერთი გაიხედე და გაიგე, ის კაცი მოდის, იქვე არის, თუ რა დაემართა. გაიხედა და სთქვა: ვაიმე, ვაიმე, ჩვენს კაცს შუა გზაზე სზინავს და იმათ კაცს კი ჭურჭელი აუვსია და მოდის. - აბა, თუ გვიშველი რას მე, - შესძახეს ყველამ.
მეისრემ მშვილდ-ისარი მომართა, გასტყორცნა და ისარი წისქვილის ქვას მოახვედრა. დაიმსხვრა ქვა; გამოეღვიზა
მძინარეს, წყლისაკენ მოჰკურცხლა, ჭურჭელი წყლით ავსო და ერთი დღის სავალით კიდევ მოასწრო ხელმწიფის კაცს. - ახლა კი დაიწერეთ ჯვარი, - უთხრა ხელმწიფემ. სიზმარამ მიწის მხვნელს მისცა ქალი.
წაიყვანეს და ჯვარი დასწერეს. იმ ღამეს ხელმწიფემ კარგი ნადიმი გამართა. მაგრამ თავის ჯარის კაცებს ჩუმად უთხრა: სტუმრების კერზში ისეთი წამალი ჩაყარეთ, ყველანი მოიწამლონ და დაიხოცონო. ამ საიდუმლო ლაპარაკს ყური მოჰკრა ჭიანჭველების მოსამართლემ და ეს ამბავი მტრედებს რომ ფრთებს უცვლიდა, იმას უთხრა. ამანაც ისე შეუცვალა თეფშები, რომ მეფის ხალხმა ვერაფერი გაიგო რა, და ვინცა სჭამდა, ყველა დაიხოცა. - ახლა მომიყვანეთ ისეთი კაცი, რომ ჩემი ქალის მზითევი დასძრასო, - თქვა ხელმწიფემ, - არიქა, მღვდელო, გვეშველე. თუ კი იმოდენა ეკლესიას დარბენინებდი, იმ მზითევს როგორ ვერ დასძრავ? - თქვენ დარდი ნუ გაქვთ, - თქვა მღვდელმა, - მზითევს კი არა, თუ გინდა თქვენც ზედ დასხედითო.
აჰკიდეს მღვდელს მზითევი, ის იზახის: მოიტატ, მოიტათო. წამოვიდნენ ყველანი და
შინ შვიდობით მივიდნენ. ყველამ თავ-თავისი ადგილი მონახა და საქმეზე დადგა.
ამ მოგზაურობაში გავიდა ხუთი-ექვსი წელიწადი. სიზმარას ქალ-ვაჟი უკვე დიდები გამხდარიყვნენ. როცა სიზმარა თავის ხელმწიფე სიმამრთან მივიდა, ცოლი ერთ მხარეს მოსვა, ქალიშვილი- მეორეს. ვაჟიშვილმა აიღო ოქროს სურა, თავის მამას წინ ოქროს ტაშტი დაუდგა და ხელ-პირი დააბანინა. - აი, ეს მზეა და ეს მთვარეო, - მოახსენა სიზმარამ და მოხვია ხელები ცოლ-შვილს. აი ეს კიდევ შუქურ ვარსკვლავია, ხელ-პირს რომ მაბანინებს. აბა, ესენი როგორ მოგცე შენო....
ხელმწიფემ თავისი ტახტი დაულოცა და თავისი სამეფო გვირგვინიც იმას გადასცა.
* Masalın Türkçesine buradan ulaşabilirsiniz.
* Çeviren: Eşref Yılmaz